პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლისთავს აფასებს.
როგორც ეკა ბესელიამ "პირWელს" განუცხადა, ორი წლის წინ ხელისუფლება, რომელიც 9 წლის განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების დევნას და ტერორს ახორციელებდა, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულმა ძალამ შეცვალა.
"ვფიქრობ, ეს არის უდიდესი მონაპოვარი, რომელშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა. რომ არა მისი ფაქტორი, ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლა ამ შედეგით არ დასრულდებოდა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება უმთავრეს მიღწევას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლებას უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო, ამიტომ ის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ამნისტიას მიიჩნევს.
"პირველ რიგში, წარმატებად მიმაჩნია, რომ ჩვენ გავათავისუფლეთ რამდენიმე ათასი ადამიანი ჯოჯოხეთური ციხიდან. პოლიტიკური ამნისტია და ფათომასშტაბიანი ჰუმანური აქტი მიმაჩნია ჩვენი ხელისუფლების პირველ და ძალიან მნიშვნელვან გამარჯვებად და მიღწევად. ასევე, ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო კუთხით, კანონის ლიბერალიზაცია, ჯანდაცვის რეფორმა, საგანმანათლებლო რეფორმა, სასამართლოს გახსნა მედიისთვის, მედიის გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან, სასამართლოს გათავისუფლება ხელისუფლების გავლენისგან და პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზება - ეს იყო მნიშვნელობვანი მიღწევები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების წინაშე კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს; დასაძლევია მძიმე სოციალური ფონი, რადგან ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი; ქვეყანა უნდა გაძლიერდეს - ეს არის ჩვენი გამოწვევები, ასევე, სამართლის აღსრულების პროცესის ბოლომდე მიყვანა. ეს იქნება ჩვენი ამოცანა და დავამტკიცებთ, რომ ქვეყანაში არის თანასწორობის პრინციპი და ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.