ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, საქმეს პოლიტიკური სარჩული მიეკერა.
„ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მიკერებოდა, თუმცა გუშინ პროკურორის მიერ ექსჰუმაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და ასევე რუსული ტელეარხებით გასული გადაცემები ცხადყოფს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია", - განაცხადა ხარშილაძემ, რომელსაც მოსამართლემ მიუთითა, რომ განცხადების გაკეთებისას მხოლოდ იმ გარემოებებზე ესაუბრა, რაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთანაა კავშირში.
„რეალურად საქმე გვაქვს გახმაურებულ საქმესთან. ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამას გამოიძიებდა, რეალურად კი ჩვენ ვართ ციხეში და მის გამოსაძიებლად ნაბიჯი არ გადადგმულა", - განაცხაცა ხარშილაძემ.
ამასთან, ხარშილაძემ განცხადება FBI-ის დასკვნაზეც გააკეთა, რომელშიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზეა საუბარი.
„გასაკვირია პროკურატურის პოზიცია. ეს ადამიანები ერთის მხრივ, ეძებენ „ჰაკიმ ფაშას“. თუ ფიქრობთ, რომ ის თურქეთშია, გადით ქუჩაში და ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, თუ ვინ არის ის. მეორეს მხრივ, არსებობს FBI-ის დასკვნა, სადაც საუბარია არა მარტო გარდაცვალების მიზეზზე, ასევე თუ რა ვითარება იყო, რა შეხვედრა და ამას არ გვაძლევენ. ამის მიხედვით დადასტურდება, რომ არც მე და არც მიშა ძაძამიას ჩვენი ახირებით არ დაგვიტოვებია ეს ადამიანი მარტო", - განაცხადა ხარშილაძემ.
მისივე თქმით, ნახევრადსიმართლით არაფერი გამოვა.
„როცა მეუბნება პროკურატურა, რომ დამნაშავე ვარ და მე ვითხოვ, მთავარ მტკიცებულებას და არ მაძლევენ, მეუბნებიან ტექნიკურ მიზეზს, რომ ის ძირითად საქმეშია. დღეს ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მე ვარ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირი? ის სხვა საქმეაო, ამბობენ. სიმართლეს წინ ვერაფერი დაუდგება და ეს საქმე თავზე დაგენგრევათ“, - განაცხადა ხარშილაძემ.
ცნობისთვის, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ სასამართლოს დაევალდებულებინა ბრალდების მხარე, რათა ადვოკატებისთვის FBI-ის დასკვნა გადაეცა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დაუსაბუთებლად მიიჩნია. მისი თქმით, თუ დაცვის მხარს აღნიშნული დოკუმენტი სურდა, მას უნდა მიემართა დათვალიერების ან ამოღების შესახებ შუამდგომლობით, თუმცა წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნამდე 5 დღით ადრე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიასა და დაცვის უფროსს კობა ხარშილაძეს ბრალი სსკ 342-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.