„საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში იქცა ქვეყნად, სადაც ადამიანები შიშში აღარ ცხოვრობენ“

„საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში იქცა ქვეყნად, სადაც ადამიანები შიშში აღარ ცხოვრობენ“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში იქცა ქვეყნად, სადაც მედია და ბიზნესი თავისუფალია და ადამიანები შიშში აღარ ცხოვრობენ.

მისივე თქმით, საგარეო საკითხებში საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებული იყო, რაც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით და ამერიკასთან კიდევ უფრო დაახლოებით გამოიხატება.

"2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გათავისუფლდა იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც ჰქონდა ორიენტირად მხოლოდ ადამიანის ჩაგვრა და ძალადობა. დღეს ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, მემგონი ეს ნათელი და ცხადია ყველასთვის. თუნდაც ბოლოდროინდელი კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, მნიშვნელოვანია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თემა, რომ თუ მედია თავისუფალია ქვეყანაში, ის უკვე დემოკრატიული სახელმწიფოა. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენს წინაშე, როგორიცაა ეკონომიკურ-სოციალური, დასაქმების ტიპის და რომელიც შეიძლება ჩვენს მთავარ გამოწვევად ჩაითვალოს, ქვეყნის სწორი გზით განვითარება ამის დაძლევაში დაგვეხმარება“, - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, დეპუტატს მიაჩნია, რომ რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის თავისუფალი სახელმწიფო, ადამიანებს არ აქვთ შიში, რომ განსხვავებული პოზიცია გამოხატონ, ქვეყანაში ტარდება თავისუფალი არჩევნები, კერძო საკუთრებაა დაცული, რაც სამწუხაროდ, ადრე ასე არ იყო, ბიზენესია თავისუფალი.

„ეს არის ის მიღწევები, რომლებიც პირადად მე ძალიან დიდ მნიშვნელობას მანიჭებს და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს განვითარება და წინსვლა გარანტირებულია, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, დეპუტატის თქმით, გამოწვევები საკმაოდ დიდია.

„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ორმხირივი ურთიერთობები ამერიკასთან, ევროპასთან კიდევ უფრო ღრმავდება. რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები სტიმულირებულია და დიდი შედეგი მიიღო ამ თვალსაზრისით  სოფლის მეურნეობამ. მე ვფიქრობ, რომ სხვა უამრავი საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს, წლების განმავლობაში დაიძლევა, ჩვენ ყოველშემთხვევაში ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - განაცხადა აბაშიძემ.