უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა მხოლოდ კიევსა და ბრიუსელს შეუძლიათ

უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა მხოლოდ კიევსა და ბრიუსელს შეუძლიათ

უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა მხოლოდ კიევსა და ბრიუსელს შეუძლიათ. ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილშია ნათქვამი.

როგორც ევროპული კომისიის წარმომადგენელმა პია ჰანსენმა აღნიშნა, წერილში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინისთვის ახალი სავაჭრო ბარიერები წინააღმდეგობაში მოვა თავისუფალი სავაჭრო ზონის დროებით გადადების შეთანხმებასთან.

ჟოზე მანუელ ბაროზუმ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მზად რჩება რუსეთთან თანამშრომლობისთვის უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის გამო რუსეთის ეკონომიკისთვის შესაძლო ნეგატიური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა წერილობით მიმართა ჟოზე მანუელ ბაროზუს და ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვლადიმერ პუტინი საპასუხო ზომების გატარებით დაიმუქრა.