მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი წინასწარი პატიმრობის 5000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდა, თუმცა აღნიშნულს არ იზიარებდა პროკურატურა. პროკურორ რეზო ნადოის განცხადებით, თავისუფლებაში ყოფნით მიხეილ ძაძამიამ შესაძლოა, მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა, ასევე ხელი შეუშალოს საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებას. განცხადება თავად ძაძამიამაც გააკეთა. მისი თქმით, მას არავითარი ზეწოლა არავისზე არ მოუხდენია.
„მართალი ვარ და ამ სიმართლეს თქვენი და ღმერთის წინაშე დავამტკიცებ",- განაცხადა ძაძამიამ.
მოსამართლემ მიხეილ ძაძამია პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიასა და დაცვის უფროსს კობა ხარშილაძეს ბრალი სსკ 342-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.