"უამრავი მაგალითი გვაქვს, რომ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზეწოლას ახორციელებდა"

ევროსაბჭოში სააპარლამენტო ასამბელის თანამომხსენებლების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ბორის სილევიჩმა განაცხადა, „საქართველოში სასამართლო სისტემა სენსიტიურ საკითხად რჩება“.

„მოხსენებაში რამდენიმე მოვლენა შევიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარიმართოს. ასევე აღვნიშნეთ, რომ ხშირად გამოიყენება წინასასამართლო დაკავება და მისი ხანგრძლივობა დაშვებულ ნორმებს აღემატება. ქართველი კოლეგების მიმართ გულახდილი უნდა ვიყოთ და დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყანა პროგრესს გააგრძელებს, რადგან მას აქვს კარგი პოტენციალია, შეასრულოს ვალდებულებები, თუმცა საერთო ჯამში, ოპტიმიზმს ვხედავ და საქართველოს შეუძლია, ისეთ პროგრესს მიაღწიოს, რომელსაც ჩვენ მივესალმებით“,-განაცხადა სილევიჩმა.

თავის მხრივ, მაიკლ იენსენმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კაპმანიის დროს, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზეწოლას ახორციელებდა.

„ჩვენი ბოლო მოხსენების შემდეგ, ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა. ჩატარდა არჩევნები, ვნახეთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რაც ძალიან კარგია. დღეს სახეზეა აქტიური ოპოზიცია პარლამენტში, რომელსაც აქვს ბერკეტი, მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, რაც ნორმალური პროცესია დემოკრატიული ქვეყნისათვის. მინდა ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ პოლარიზაცია სახეზეა და საარჩევნო კამპანიის დროს, ვნახეთ ზეწოლა ოპოზიციის კანდიდატებზე, რათა საკუთარი კანდიდატურა მოეხსნათ. ასევე უამრავი მაგალითი გვაქვს, რომ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზეწოლას ახორციელებდა კამპანიის ჩატარებისას“,- განაცხადა იენსენმა.