პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ცენტრის ფუნქცია და მნიშვნელობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის ინიციატივით წელს ამოქმედებული გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროგრამის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც დაავადებათა აღმოჩენისა და გამოვლენის მიმართულებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პრემიერის თქმით, ამ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობის საშუალება სხვა ფაქტორებთან ერთად, ლუგარის სახელობის ლაბორატორიამ მისცა.
„2013 წლამდე ლაბორატორია მხოლოდ ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და პოტენციალის სრული გამოვლენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. 2013 წელს ლაბორატორია სამართავად საქართველოს მთავრობას გადმოეცა და სრული ოპერირების ფაზას შარშანვე მიაღწია. ამან საშუალება მოგვცა არა მხოლოდ წარმატებულად ჩავრთულიყავით ეპიდემიების ზედამხედველობის საქმეში, არამედ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ლუგარის ცენტრი გადაქცეულიყო რეგიონალური მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევით ცენტრად. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერების გარდა, ლაბორატორიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბაქტერიოფაგის ლაბორატორიისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების მკვლევარები მუშობენ, რაც ჩვენ ქვეყანას საშუალებას აძლევს ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითარებაში წამყვანი პოზიციები დაიკავოს. დღეს, როდესაც მსოფლიო ერთად მსჯელობს თუ როგორ უნდა მოხდეს ჯანდაცვის გლობალური გამოწვევების მართვა, ლუგარის ცენტრის ფუნქცია და მნიშვნელობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამერიკის მთავრობის დიდი ღვაწლი ამ მიმართულებით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ცენტრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.