პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 2 წლის შეფასებისას განაცხადა, რომ მთავრობა საზოგადოების გაერთიანებისკენაა მოწოდებული.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წარსული, რომელიც ბნელი იყო, უნდა ჩაბარდეს წარსულს და ყველამ ერთად უნდა იზრუნოს მომავალზე. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, შიშს და ყოველგვარ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაში იყო გამეფებული.
„1 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ხმა თავისუფლებას, წარმატებას, წინსვლას და განვითარებას მისცა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული. ის, რაც იყო, ბნელი წარსულია, რომელზე საუბარიც არ მინდა. ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და ჩვენ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა, მედიამ, ყველამ, მომავალზე უნდა ვიზრუნოთ. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ერთ კონკრეტულ მთავრობას არ ეკუთვნის. დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ხვალ სხვა იქნება, მაგრამ ქვეყანა რჩება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის გაძლიერებისთვის. ყველასთვის ჩემი მთავარი გზავნილია, რომ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია. სამწუხაროდ, ინიციატივას, შეთავაზებას, 2 წლის განმავლობაში ოპონენტები სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ აფასებენ, მაგრამ ეს შეთავაზება ძალაში რჩება. ყველაფერი წინაა და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი წარმატება გველის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.