საქართველო იზოლაციაში ექცევა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჭაობს უბრუნდება

საქართველო იზოლაციაში ექცევა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჭაობს უბრუნდება

საქართველო იზოლაციაში ექცევა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჭაობს უბრუნდება, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის ორი წელი შეაფასა.

წიკლაურის განცხადებით, ორი წლის თავზე ქვეყანას აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვის მოდელი, რომელმაც "გამოიწვია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, კრიმინალის ზრდა, ციხეებში ქურდების კონტოლის აღდგენა, ეკონომიკური სტაგნაცია, პოლიტიკურ-ნათესაური კორუფცია, იგავმიუწვდომელი პრემიები და რუსეთთან პოლიტიკის დარეგულირების კრახი".

მისივე შეფასებით, ახალი ხელისუფლების ორი წლის თავზე ქვეყანას ჰყავს მილიარდელი, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრდა და კიდევ უფრო მეტად გაღარიბებული მოსახლეობა.

"დღეს შესრულდა დღე, როცა "ქართულმა ოცნებამ" ტყუილებით, ტყუილი დაპირებებით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შეცდომაში შეყვანა მოახერხა და წარმატება არჩევნებზე ასე მოიპოვა. ორი წლის თავზე სახეზე გვაქვს ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვის მოდელი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას იწვევს, რომელიც ახდენს პოლიტიკური ინსტიტუტების დისკრედიტაციას. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ქვეყანაში არავინ არაფერს გეკითხებათ, ისევე როგორც არავინ არაფერს ეკითხება ირაკლი ღარიბაშვილს და ცალკეულ მინისტრებს. ადამიანი არის კონსტიტუციურ ფარგლებს მიღმა და მარიონეტებით მართავს მთელს მთავრობას, პარლამენტს და ქვეყანას. ასევე მისი სურვილია, მართოს პრეზიდენტი და ის პროვინციულ და ბანალური ინტრიგანობა, რომელიც უკვე თვენახევარია გრძელდება – ვინ წავა ამა თუ იმ ფორუმზე, ამის საუკეთესო დასტურია", - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ნუგზარ წიკლაურმა.