საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენება შეცვლილია

საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენება შეცვლილია

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იქ, ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მთავარი დასაყრდენი ძალა „ევროპის სახალხო პარტია“ აქტიურობდნენ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე ასევე მმართველი ძალის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება და ის დარწმუნებულია, რომ ისინი ყველა კითხვას პასუხს გასცემენ.

„ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული რეზოლუცია, ჩემი ინფორმაციით, შეიცვალა. იქ ძალიან აქტიურობს ჩვენი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მთავარი დასაყრდენი პოლიტიკური ძალა „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ერთგვარად სოლიდარობას გამოხატავს, მაგრამ რეზოლუცია შეიცვალა. ყველამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოში არსებული რეალობა. აქ ხალხის ნებაა გამოხატული. საქართველოში სხვა რეალობაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ამ რეალობის სწორად წარმოჩენას შეძლებს. იმედი მაქვს, EPT იქნება თუ სხვა, არ გაითვალისწინებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ჭორებს, უსაფუძვლო ბრალდებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე ყველა პროცესი ღია და გამჭვირვალეა.

„დღეს საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას და არც იდგება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ კანონის უზენაესობას და გამჭვირვალობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.