ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციები.
ალექსი პეტრიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის მიერ ანგარიშის განხილვას გამოეხმაურა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ გაზიარებული უნდა იყოს მთავრობის პოზიციებიც.
"როგორი ტიპის რეკომენდაციებიც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში მიღებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება ან დაჟინებული მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კანონის უზენაესობა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამჭვირვალობა იყოს მაღალ დონეზე მიღწეული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს დღეს განიხილავს.
დოკუმენტი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მათ შორის აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარად შევარდნაძის გარდაცვალების შესახებ, ივლისის ბოლოს მინისტრთა ცვლილებების თაობაზე, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის ზრდაზე, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ, თუ ვინ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
დოკუმენტში ასევე საუბარია წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ბაჩო ახალაია საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას 9 თვეზე მეტი გააჩერეს ციხეში, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციაში შესატანი ცვლილებების პარაგრაფში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნისას საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.
რეზოლუციის ტექსტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ იანსენმა და ბორის სილევიჩმა წარადგინეს.