"თავისუფალი ზონა" მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ თუ ვინმე ოფისში მოგვივარდება, მათ საკადრის პასუხს გავცემთ, – ამის შესახებ "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელმა კობა ხაბაზმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. კობა ხაბაზი "თავისუფალ ზონასა" და "თავისუფალ თაობას" შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას პროვოკაციას უწოდებს.
"მოძალადეები გინებით შემოიჭრნენ და დაიწყეს ჩხუბი. 40 წუთით ადრე "112"-ზე დავრეკეთ და ვუთხარით, რომ მზადდებოდა პროვოკაცია, თუმცა პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა რაც დარბევა ვერ განხორციელდა და მომხდურებმა საკადრისი პასუხი მიიღეეს. "თავისუფალი ზონა" მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ თუ ვინმე მოგვივარდება ოფისში, მათ საკადრის პასუხს გავცემთ", - აცხადებს ხაბაზი.
კობა ხაბაზი ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტსაც იხსენებს და ამბობს, რომ "ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია თავისი გაგრძელებებით".
"ზაზა დავითაია შეხვდა ოფისში მომავალ ფარნაოზ ჭკადუას და დავით გოგოხიას, მივიდა ფარნაოზთან და უთხრა მკვლელოო და შეაგინა, ამის შემდეგ ფარნაოზმა მას პასუხი გასცა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია თავისი გაგრძელებებით. იმიტომ, რომ გუშინ მთავრდებოდა "თავისუფალი თაობის" მიერ ივანიშვილისა და ჰაკიმ ფაშასადმი მიცემული "თავისუფალ ზონის" გაქრობის ათდღიანი ვადა", - აცხადებს ხაბაზი.
"თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს მათ ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების განცხადებით კი, ისინი "თავისუფალი ზონის" ოფისთან "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ "თავისუფალი ზონის" წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "თავისუფალი ზონის" წევრები კი ამბობენ, რომ "თავისუფალი თაობის" 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება.