"ორმა წელმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში განვლო"

გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი იდეალურად არ ხდება, მაგრამ ჩვენი განვითარების გზას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, საიდანაც მან მოსახლეობას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით მიმართა.

"ჩვენ მართლაც ურთულესი მემკვიდრეობა გვერგო - ჩვენ გავიარეთ ორი უმნიშვნელოვანესი წელი, თავისი სირთულეეებით, თავისი გამოწვევებით და ჩვენ დაგვჭირდა სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა. ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას - დაწყებული ჯანდაცვით და განათლებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით და სამართლიანობის დამკვიდრებით ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორმა წელმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში განვლო.

"ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესია. ჩვენ – ხელისუფლებაც და ხალხიც, ახლა გავდივართ სწორედ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავივლით ამ ეტაპს. შეიძლება, მე არ გამოვრციხავ, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ეს ბუნებრივია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს. განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა, ამიტომ უნდა გააგრძელოს შრომა, თუმცა დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ "ჩვენი ქვეყანა სწორ გზას ადგას".

ამასთან, პრემიერმა ყველას მიულოცა პირველი ოქტომბერი და აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნის და ხალხის დიდი გამარჯვება, მათ შორის მათიც, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა არ მისცა.