"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ხელკეტებით, ელექტროშოკებით და დანებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს , - ამის შესახებ "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელმა ლადო სადღობელაშვილმა "თავისუფალი ზონის" ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ "თავისუფალი ზონის" წევრებმა გუშინ საღამოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს ზაზა დავითაიას და ამის გაპროტესტება სურდათ.
"საღამოს შევიკიბეთ 50-70 ადამიანი და წავედით "თავისუფალი ზონის" ოფისთან იმისთვის, რომ გვეკითხრა რატომ მოხდა ჟურნალისტის ცემა. როდესაც მათ შენობაში შევედით ზუსტად არ ვიცოდით რომელი იყო მათ ოთახი. უცებ ვიღაცამ გამოყო თავი და გვითხრა რომ შემოდითო, როდესაც შევედით დაგვიწყეს ცემა", - განაცხადა სადღობელაშვილმა.
მისი თქმით, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მთვრალები იყვნენ.
"გუშინ ყოფილა "თავისუფალი ზონის" წევრის ონისე გერგედავას დაბადების დღე, ოფისში დაულევიათ და ამის შემდეგ გაუსწორდნენ ზაზა დავითაიას. ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ისეთი დაპირისპირება მოუწყვეს, როგორც მოხდა 26 მაისსა და 7 ნოემბერს. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ხელკეტებით, ვინტილატორებით, ელექტროშოკებით და დანებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს", - აღნიშნა სადღობელაშვილმა.
მისი თქმით, პატრულის მისვლის შემდეგ ორივე მხრის აქტივისტები დააკავეს.
"ზონელებმა" გუშინ კიდევ ერთი ახალგაზრდა, ჟურნალისტი ბექა ქავთარაძე სცემეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ შსს-ს რომ აღკვეთოს "თავისუფალი ზონა" და "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში", - აღნიშნა სადღობელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდა მათი ორი აქტივისტი, აქედან ერთი გოგონაა, რომელსაც საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს.
"მას ხელი აქვს დალურჯებული, მუცელში აქვს წიხლები ნარტყამი, ასევე ბეჭები აქვს დაზიანებული, რადგან ხელკეტით არის ნაცემი. ბიჭს კი მოტეხილი აქვს ხელი და თვალი დაუზიანდა", - განაცხადა სადღობელაშვილმა.
მან პრესკონფერენციაზე დაპირისპირების ვიდეოკადრებიც წარადგინა.
ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა, რომ ხვალ, 15:00 საათზე, პეკინის N34-ში, "თავისუფალი ზონის" ოფისთან აქციის გამართვა იგეგმება.
"ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ "თავისუფალი ზონის" არსებობა", - განმაცხადა სადღობელაშვილმა.