1-ელი ოქტომბერს ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში განაცხადა , საიდანაც მან მოსახლეობას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის ორწლისთავთან დაკავშირებით მიმართა.
"ხალხმა აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, წინსვლა და განვითარება. 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა და დამერწმუნეთ, რომ ეს ბრძოლის გზა არ იყო იოლი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ქართველ ხალხს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც 2012 წელს კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" გამოუცხადა, მადლობა გადაუხადა.
"მე მინდა გულწრფელად გამოვხატო აღფრთოვანება ჩვენი ხალხის შემართების, მათი თავგანწირვის და გმირობის მიმართ. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, მეგობრებო, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.