საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას ვერაფერი დააბრკოლებს, თუ ქვეყანაში სტაბილური, პროგნოზირებადი ვითარება იქნება

საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას ვერაფერი დააბრკოლებს, თუ ქვეყანაში სტაბილური, პროგნოზირებადი ვითარება იქნება

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის ჯერ სრულად მზად არ არის.

როგორც ლაჰიუმ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, წევრობის მიზნის მიღწევისთვის საჭიროა რეფორმების გატარება ქვეყნის შიგნით, მათ შორის ის, რომ პარლამენტმა შეძლოს მთავრობის ძალაუფლების დაბალანსება და კონსესუსი ალიანსის წევრებს შორის.

"ჩვენ არ ვიცით, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი, მაგრამ ყურად საღებია ის, რომ საქართველო ამჟამად ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ალიანსის წევრობის დროის განსაზღვრა ნატო-ს წევრთა ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მათ კონსენსუსს უნდა მიაღწიონ. ეს ძალიან რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრ ქვეყანასა და საქართველოს შორის ნდობის ჩამოყალიბებას მოითხოვს. თუ იმ ქვეყნებთან დაკავშირებით ისტორიას გადავხედავთ, ვინც ნატო-ს შეუერთდა, დამიჯერეთ, საქართველო არ დგას უკან. ასე მაგალითად, ლიტვა წევრობას 10 წელი ელოდებოდა, კიდევ ერთი პარტნიორი კი 12 წელზეა მეტია, წევრობის მოლოდინშია. გადაწყვეტილების მიღებისას ნატო-ს წევრი ქვეყნები ითვალისწინებენ თავიანთ ეროვნულ ინტრესს და კოალიციის ინტერესს - დაიცვან თავიანთი ყველა წევრი. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ნატო-ს წევრობის დრო მოვიდა. ეს დრო კი ჯერ არ დამდგარა. საქართველო ამჟამად რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესშია. ახალი პაკეტი კი მათ გატარებაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით ეს თავდაცვის სამინისტროს ეხება. ნატო ასევე სხვა სფეროების რეფორმირებას უჭერს მხარს, მაგალითად პარლამენტის, როგორც ხალხის დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლის განვითარებას. პარლამენტმა უნდა შეძლოს მთავრობის ძალაუფლების დაბალანსება და მათ ქმედებებზე იქონიოს გავლენა. თუ შეხედავთ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ნახავთ, რამდენად რთულია ზოგჯერ ერთმანეთის მიმართ ნდობის ჩამოყალიბება", - განაცხადა ლაჰიუმ.

ამასთან, მისი თქმით, კონფლიქტების საკითხი არ არის დამაბრკოლებელი საქართველოსთვის ნატო-ს გზაზე.

"ნატო-ს დოქტრინაში ან პოლიტიკაში არაფერია ისეთი, რომელიც დააბრკოლებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ სადავო ტერიტორიების საკითხი არ გადაწყდება. საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას ვერაფერი დააბრკოლებს, თუ ქვეყანაში სტაბილური, პროგნოზირებადი ვითარება იქნება და თუ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ერთგული დარჩება", - დასძინა ლაჰიუმ.