რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების ორწლიან საქმიანობას აფასებს

რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების ორწლიან საქმიანობას აფასებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ახალი ხელისუფლების მიერ განვლილ ორწლიან საქმიანობას, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ გუნდის გამოუცდელობის პრობლემა იგრძნობოდა.

როგორც საყვარელიძემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ახალბედობამ" გარკვეულ პროცესზე როგორც პოზიტიური, ისე ნაწილობრივ ისეთი გავლენაც იქონია, რაც კრიტიკას იმსახურებს.

"განვლილი 2 წელი უნიკალური იყო საქართველოს ისტორიისთვის. რაში მდგომარეობდა უნიკალობა? აქამდე საქართველოს ახალი ხელისუფლება უმეტესწილად ყალიბდებოდა ხოლმე ძველი ხელისუფლების წიაღში გაჩენილი ჯგუფისგან. ზვიად გამსახურდიას პერიოდი გავიხსენოთ: ნაწილობრივ იგივე ხალხი გადავიდა შევარდნაძის მმართველობაში. მოგვიანებით ამ უკანასკნელსაც ცალკე ჯგუფი გამოეყო და "ვარდების რევოლუციით" მოვიდა ხელისუფლებაში. ორი წლის წინ კი გამოჩნდა ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო სათავეში ყოფნის საშუალება მანამდე არასდროს ჰქონია, ანუ განსხვავებით ყველა სხვა ჯგუფისგან, ის ახალბედა იყო, - თუ დანარჩენებს ჰქონდათ გამოცდილება, რომ სხვის ფრთის ქვეშ ყოფილიყვნენ გამოზრდილები, ამ გუნდს ასეთი ფრთა ძველ ხელისუფლებაში არ გააჩნდა. ამან პროცესებზე გარკვეული გავლენა, რა თქმა უნდა, იქონია როგორც პოზიტიური კუთხით, ისე ნაწილობრივ ისეთი, რაც კრიტიკას იმსახურებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის განმარტებით, პოზიტიური იყო ის, რომ ახალი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი რამ, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა, უარყოფითი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ გუნდს "გამოუცდელობის გამო ოპერატიულობა აკლდა".

"პოზიტიური იყო ის, რომ მათთვის მიუღებელია ბევრი რამ, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა და ეს დეკლარირებულიცაა, ასევე ადვილად მიიღეს ის, რაც გასაზიარებელი იყო, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, უარყოფითი კი მდგომარეობს იმაში, რომ გამოუცდელობის გამო გუნდს ოპერატიულობა აკლია და ამის გამო მას დღესაც საყვედურობენ - პრობლემებს წყვეტს უფრო ნელა, ვიდრე მოსახლეობას სურს და ვიდრე, ალბათ, ობიექტურადაც შეიძლება რომ გადაწყდეს. მაგალითად, პარლამენტის უმრავლესობა ავიღოთ – ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს იმ კვოტის შესწორება, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების უფლება უნდა მისცეს, რაც მათ ინტერესშია. ამგავარი ანალოგიური დაყოვნებები ბევრია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ალბათ, ტემპი ჩამოუყალიბდებათ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

რამაზ საყვარელიძის თქმით, ახალი ხელისუფლებისადმი პირადად მისი, როგორც რიგითი მოქალაქის მოლოდინი, რომელიც "ახალბედობის გათვალისწინებით" ჰქონდა, საერთო ჯამში, გამართლებულად მიაჩნია.

"საერთო ჯამში, 2 წლიანი საქმიანობა იყო პოზიტიური. იმის გათვალისწინებით, მართვის რა გამოცდილებაც ამ ჯგუფს ჰქონდა, ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. იმაზე მეტი მოლოდინის არსებობა, ვიდრე მისი გამართლება შეიძლებოდა, უბრალოდ არარეალისტური იქნებოდა. მე პირადად ასეთი არარეალისტური იმედები არ მქონია და ამიტომაც, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი გამართლებულია", - განმარტა რამაზ საყვარელიძემ.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილება მოჰყვა დღეს 2 წელი შესრულდა.