რაც გაერო-ს განვითარების პროგრამით აფხაზეთში კეთდება, შესაძლოა ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც გაკეთდეს

რაც გაერო-ს განვითარების პროგრამით აფხაზეთში კეთდება, შესაძლოა ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც გაკეთდეს

ის რაც გაერო-ს განვითარების პროგრამის ეგიდით აფხაზეთში ხორციელდება, მომავალში შეიძლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონშიც გაკეთდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, UNDP-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაია ფანჯიკიძემ ჰელენ კლარკს გაერო-ს განვითარების პროგრამის საქართველოში საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, საქართველო გაერო-ს განვითარების პროგრამასთან 1999 წლიდან თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობას წარმატებული ისტორია აქვს.

"მე და პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადავუხადეთ ჰელენ კლარკს აფხაზეთში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაერო-ს განვითარების პროგრამის საქმიანობისათვის. ეს ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმედი გამოვთქვით, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ის რაც, კეთდება აფხაზეთში, შეიძლება მომავალში გაკეთდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს ჩვენი თანამშრომლობა ყველა იმ მიმართულებით, რაც გაეროსთვის არის მნიშვნელოვანი – იქნება ეს ჰუმანიტარული საკითხები, თუ მოსახლეობის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და გარემოსდაცვითი საკითხები", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი ჰელენ კლარკს დღეს მთავრობის კანცელარიაში შეხვდნენ.