დავით გარეჯში უდაბნოს ქედის მონახულება აზერბაიჯანულმა მხარემ დროებით შეზღუდა

დავით გარეჯში უდაბნოს ქედის მონახულება აზერბაიჯანულმა მხარემ დროებით შეზღუდა

დავით გარეჯის ტერიტორიაზე, უდაბნოს ქედის მონახულება ტურისტებისთვის რამდენიმე დღით შეზღუდულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონმა კირიონმა განუცხადა, ექვსი დღეა აზერბაიჯანელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს, რომელიც უდაბნოს ქედის დაბლა, აზერბაიჯანის მხარესაა.

მამა კირიონის თქმით, აზერბაიჯანის მხარეს პოლიგონია მოწყობილი და მათი საჯარისო ნაწილები დგას.

"როდესაც წვრთნებს იწყებენ, დღის განმავლობაში მხოლოდ საათნახევარი-ორ საათით ითხოვენ ადგილის დაკეტვას, რომ შემთხვევით ტურისტი არ დაშავდეს. შემდეგ ჩვეულებრივ იხსნება და ტურისტებს უდაბნოს ქედზე ასვლა და წმინდა ილიას ნიშთან მისვლა შეუძლიათ", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა.

მისივე თქმით, თეორიულად არ არსებობს შანსი, რომ იქ წვრთნებისგან ტურისტი დაშავდეს, მაგრამ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სასულიერო პირებიც თანახმა არიან ტურისტების გადაადგილებაზე დროებით შეზღუდვა არსებობდეს.

"რაიმე რომ არ მოხდეს, ჩვენც თანახმა ვართ. აზერბაიჯანულ მხარეს ეს შეთანხმებული აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. სამხედრო წვრთნები 10 დღიანია და უკვე მეექვსე დღეა რაც მიმდინარეობს. სამხედრო წვრთნებს თავის არიალი აქვს. როდესაც ქართული მხარე ატარებს წვრთნებს, რუსთავის მხარე საერთოდ იკეტება. უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია", - დასძინა მღვდელმონაზონმა კირიონმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი სამხედროები მუდმივად წმინდა ილიას ნიშთან აღარ დგანან. ისინი პერიოდულად ადიან იქ, გაივლიან საზღვრის მონაკვეთს და ისევ უკან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩავდიან. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მუდმივად საქართველოს მესაზღვრეები დგანან. აღნიშნული დავით გარეჯში 2010 წელს მოწყობილი აქციის შემდეგ თანდათან მოხდა.

მისივე განცხადებით, ქართველ ბერებს ბერთუბანში შესვლა არ შეუძლიათ, რომელიც უდაბნოს ქედის იქეთ, აზერბაიჯანის სიღრმეში 7 კილომეტრშია.