„მოხარულები ვართ იმით, რომ საქართველოში ინკლუზიური განვითარების პოლიტიკა ხორციელდება“

„მოხარულები ვართ იმით, რომ საქართველოში ინკლუზიური განვითარების პოლიტიკა ხორციელდება“

გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი ჰელენ კლარკი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურის ფარგლებში პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.

ამასთან, გაერო-ს დელეგაციამ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა.

როგორც პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰელენ ლკარკმა განაცხადა, გაერო-ს დელეგაციამ საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის ახალი გეგმა შესთავაზა.

„მოხარული ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ საქართველოში ისევ ჩამოვედი. ჩემი წინა ვიზიტი 2013 წლის თებერვალში შედგა. ამ ხნის მანძილზე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ასე რომ, ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო ჩემთვის. ასევე, გაერო-ს მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომ საქართველოს მთავრობასთან მათი ძალიან კარგი ურთიერთობა კიდევ ერთხელ გამეახლებინა. ბევრ საკითხს შევეხეთ ჩვენი შეხვედრების განმავლობაში. საქართველომ წინ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ ვულოცავთ ქვეყანას, რომ მან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას“, - განაცხადა ჰელენ კლარკმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას განხილულ იქნა ის პროგრამები, რომლებსაც გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერო-ს სხვა სააგენტოები საქართველოში ახორციელებენ.

„შევეხეთ გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს მუშაობას აფხაზეთში და იმ წვლილს, რომელიც შეიძლება შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში“, - განაცხადა ჰელენ კლარკმა.

ჰელენ კლარკის თქმით, ის მოხარულია იმით, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება.

„განსაკუთრებით მოხარულები ვართ იმით, რომ ქვეყანაში ახლა ხორციელდება ინკლუზიური განვითარების პოლიტიკა. ანუ, ისეთი განვითარებისა, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახება. დიდი სიხარულით შევეგებეთ იმ ფაქტს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტრატეგია მიიღო, რომელიც საქართველოს განვითარების ქვაკუთხედი იქნება. ინკლუზიურ განვითარებასთან დაკავშირებით მინდა დავამატო, რომ ეს აისახება სამუშაო ადგილების შექმნაზე, დასაქმების გაზრდასა და განათლების განვითარებაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ახალ რეჟიმში შეიძლება ითანამშრომლოს გაერო-ს განვითარების პროგრამამ და გაერო-ს სხვა სააგენტოებმა საქართველოს მთავრობასთან და საქართველოსთან მთლიანად. ჩვენ შევთავაზეთ მათ პარტნიორობის ახალი გეგმა, რომელიც მთავრობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემყარება“, - განაცხადა ჰელენ კლარკმა.