დაყაჩაღებული ტაქსის მძღოლი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ძმის დასჯას მოითხოვს

დაყაჩაღებული ტაქსის მძღოლი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ძმის დასჯას მოითხოვს

მამუკა სილაგაძის განცხადებით, მას არ აინტერესებს, მუშაობს თუ არა მის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილის და “რუსთავი 2”-ში, მან კრიმინალი ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს.

“რუსულ ეკლესიასთან ახალგაზრდა კაცი ჩავისვი, რომელმაც მთხოვა, მანქანა გადააყენეო. გადავაყენე თუ არა, შუშის ბოთლის გადანატეხი მომადო ყელზე და მიღრიალა, რაც გაქვს, მომეცი, თორემ ყელს გამოგჭრიო. ახალი გამოსული ვიყავი და მხოლოდ 10 ლარი მქონდა და მივეცი. საბედნიეროდ, პოლიციამ ის დააკავა, ამოცნობაზეც ვიყავი და ამოვიცანი კიდეც. მითხრეს, მაგის და “რუსთავი 2”-ში მუშაობს, გვარად მგონი გაფრინდაშვილია, მაგრამ მე არ მაინტერესებს, ვინ სად მუშაობს და ვინ ვისი და არის – კაცმა კრიმინალი ჩაიდინა, იყაჩაღა და უნდა დაისაჯოს”, - განაცხადა დაზარალებულმა მამუკა სილაგაძემ.

17 სექტემბერს ღამით თბილისში ყაჩაღობის ორი ფაქტი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმა და იმავე პიროვნებამ ორი ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა. ორივე შემთხვევაში ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ერთი და იგივე სქემით მოქმედებდა – მძღოლს ავტომობილში უჯდებოდა, მანქანას აჩერებინებდა, ყელზე გატეხილ შუშის ბოთლს ადებდა და ფულს სძალავდა.

ყაჩაღობებში ეჭვმიტანილ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის მარიამ  გაფრინდაშვილის ძმას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.