საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის ილის მეორის ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 30 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა , ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვალა.
ბერი გიორგი 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიან ოჯახში მეექვსე შვილი იყო.
ვიქტორ შიოლაშვილი 1970 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქთან მსახურებდა. ჰყავდა მეუღლე - მარიამ ჩოჩოშვილი. ყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. ცხოვრობდა ქალაქ მცხეთაში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი ვიქტორ შიოლაშვილი 2013 წელს 4 სექტემბერს ბერად აღიკვეცა. მას სახელად გიორგი ეწოდა და მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ბერ გიორგის 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.