ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“: ის ხალხი მაინც გააგზავნეთ დებატებში, ვინც სამარცხვინოდ არ წააგებს

ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“: ის ხალხი მაინც გააგზავნეთ დებატებში, ვინც სამარცხვინოდ არ წააგებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილის თქმით,  „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობას“ ეხმარება, რომ პოლიტიკური სტატუსი შეინარჩუნოს. ინაშვილის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ, ხალხი კი ამის მოსმენით დაიღალა.

„ჩვენ, ხალხს აღარ გვინდა ამის მოსმენა. ძალიან კარგად ვიცით ქართველმა ხალხმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უნდა მიბრძანდნენ მატროსოვზე. ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ დანაშაული იცით რაში იყო? რომ არჩევნებში მთელი 40% დაუწერეს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც არ ჰქონია. ხელოვნურად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პოლიტიკური კლასის გადარჩენა და ამ ყველაფერში მათ „ქართული ოცნება“ დაეხმარა,“- განაცხადა ინაშვილმა გადაცემაში „არჩევანი“.

მისი შეფასებით, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან დებატებიც კი არ შეუძლია.

„ოპონენტად ურჩევნიათ „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ რომ ის არის სრულიად დისკრედიტებული პოლიტიკური დაჯგუფება, კრიმინალური და „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ კარგად წარმოჩნდება, თუ ამ კრიმინალებთან მიიღებს დებატებში მოაწილეობას, რასაც, სამწუხაროდ,  ხშირ შემთხვევაში აგებს. ის ხალხი მაინც გააგზავნეთ ამ დებატებში, ვინც მოიგებს და სამარცხვინოდ არ წააგებს ამ დებატებს,“- მიმართა ინაშვილმა „ქართულ ოცნებას“.