"ჟურნალისტის ცემა "ნაციონალური მოძრაობის" "ზონდერ ბრიგადის" მიერ მოხდა"

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ზაზა დავითაიას ცემას "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ გამოცემაში დაბეჭდილ მასალებს უკავშირებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ზონდერ ბრიგადის მიერ მოხდა ჟურნალისტის ცემა. ამას არ შეიძლება მიეცეს ჩვეულებრივი ხულიგნობის კვალიფიკაცია. ეს უნდა იყოს შეფასებული, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა - თუ დღეს, უახლოესი საათის განმავლობაში, არ მოხდება სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლით და არა რაღაც ადმინისტრაციული სასჯელით დაკავება ყველა იმ პირის, რომელიც ზაზა დავითაიას დაესხა თავს, ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდება პეკინის #34-ში, სადაც "თავისუფალი ზონის" ოფისი მდებარეობს და პასუხისმგებლობას სამართალდამცველ უწყებებს ვაკისრებთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "ზონდერბრიგადის" ეს პარპაში და თარეში ავიტანოთ, რასაც მათ დიდი ხანია, სხვები უთმენენ", - განაცხადა ხუბუამ. 

"თავისუფალი ზონის" წევრებმა "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი სასტიკად სცემეს. გაზეთის ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას ინფორმაციით, ზაზა დავითაია, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული, ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

"პირWელის" ინფორმაციით, დაკავებულია "თავისუფალი ზონის" წევრი დავით გოგოხია, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ის კრიმინალურ პოლიციას მომხდარის შესახებ შეტყობინებას გადასცემდა.