2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტშია

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტშია

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა. მთავრობას პარლამენტში მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტის წარდგენის კანონითა და კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.

საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადა 22 ოქტომბრამდე აქვთ, რის შემდეგაც მთავრობას ბიუჯეტის პროექტი საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნებით და წინადადებებით, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის დასკვნებით უკან უბრუნდება.

მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ კი, ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები მთავრობას 15 ნოემბრამდე გადაეგზავნება.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარუდგენს. თავის მხრივ პარლამენტმა მომავლი წლის ბიუჯეტი არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაამტკიცოს.

სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი მოსმენით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მტკიცდება. სავარაუდოდ, ხვალ ჩატარდება პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინიცირება განხორციელდება.