რუმინეთში საქართველოს საელჩოსა და რუმინეთის საპატრიარქოს ხელშეწყობით საქართველოში რუმინელ მომლოცველთა პირველი ტური განხორციელდა.
მომლოცველებს შორის სასულიერო პირები და რუმინელი ბიზნესმენები არიან. ერთი კვირის განმავლობაში რუმინელმა მომლოცველებმა მოინახულეს და მოილოცეს თბილისის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონის წმინდა ადგილები.
ტურში გაერთიანებულია როგორც რელიგიური ისე კულტურული ღონისძიებები. გაზაფხულიდან ამ ტურს ინტენსიური ხასიათი ექნება.
"1996 წელს რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პირველი ინფორმაცია საქართველოს ეკლესიის შესახებ სწორედ მაშინ მივიღე და იმ დროიდან გაჩნდა ჩემში ინტერესი, რათა საქართველოს უფრო ახლოს გავცნობოდი. მე ახლახანს გავიცანი საქართველოს ელჩი რუმინეთში ბატონი ილია გიორგაძე და გადავწყვიტე, ჩემთან ერთად საქართველოში მომლოცველების ჯგუფი ჩამომეყვანა. კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას საქართველოს საელჩოს რუმინეთში და ელჩს ბატონ ილია გიორგაძეს. მათ დიდი დახმარება გაგვიწიეს ამ პროექტის რეალიზებაში“-განაცხადა რუმინეთის საპატრიარქოს მომლოცველთა ბიუროს ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დინე პომპილიუმ.
რუმინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით მსგავს ტურებს რეგულარული ხასიათი ექნება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას.