ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეო პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება

ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეო პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება

ჰაკიმ ფაშას სახელით youtube-ზე გავრცელებული ვიდეო, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვაზე , პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდებულების ადვოკატი პროკურატურის აღნიშნული მტკიცებულების ნუსხიდან ამოღებას მოთხოვდა, მოსამართლემ ვიდეო მტკიცებულებად ცნო.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს, მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ბრალდებულ კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურას საქმის მასალებში არ უდევს ეფ-ბი-აის დასკვნა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ არის მომზადებული და სასამართლოში ჰაკიმ ფაშას ვიდეოები წარადგინა მტკიცებულებად, რაც, ადვოკატის თქმით, მის ობიექტურობის ხარისხზე მიუთითებს.

"ჩვენ ვითხოვდით ჰაკიმ ფაშას ვიდეოსა და ჟვანიას გარდაცვალების ადგილის დათვალიერების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, თუმცა მოსამართლემ ისინი დაუშვა. პროკურატურამ ჰაკიმ ფაშას ვიდეოები მოიტანა სასამართლოში და არა ეფ-ბი-აის დასკვნა, ამის შემდეგ თქვენ განსაჯეთ, რამდენად ობიექტურია პროკურატურა", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

დღეს პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, რომ ჰაკიმ ფაშას სახელით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალა youtube-ზე თურქეთის რესპუბლიკიდან აიტვირთა. ავტორის ვინაობის დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.