გიორგი ვოლსკი: რას ჩავაცივდით ამ ჟურნალისტებს?!

გიორგი ვოლსკი: რას ჩავაცივდით ამ ჟურნალისტებს?!

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი თვლის, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერი უნდა წავიდეს.

„არის თემები, სადაც საჭიროა, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულმა ლიდერმა დავალებები მისცეს სხვადასხვა მმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ჩაატაროს ორმხრივი შეხვედრები,  დაგეგმოს და აღასრულოს პროგრამის გარკვეული ნაწილი.

ამ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის წასვლაა უკეთესი. ეკონომიკასა და ბიზნესზეა  საუბარი. იმაზე არ არის  - ვინ მიიღებს პირველი მიწვევას. ეს თემა, უბრალოდ, ჟურნალისტების ხელში ჩავარდნილი თემაა, ასწიეს,  მაგრამ უახლოეს  დღეებში  დაბლა ჩამოუშვებენ",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი უკანონო  მიყურადებისა და ფარული მოსმენების კანონპროექტთა განხილვის პროცესსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ შს სამინისტრო ფარული მოსმენების გასაღების მის ხელში დატოვებას ცდილობს - მისი ვალდებულებაა.

„ესეც აწეული თემაა, თუმცა, თემაა. შს სამინისტრო ვალდებულია, რომ სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას. შს სამინისტრო მზად არის, იმ ადამიანის პირადი მონაცემები, რომლის მოსმენაც სასამართლოს გადაწყვეტილებითაა განსაზღვრული, გადასცენ პირადი მონაცემების დაცვის  ინსპექტორს. ახლა, ზოგი ჟურნალისტი - რას ჩავაცივდით ამ ჟურნალისტებს - პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს აგდებულად მოიხსენიებს, არადა, ის, როგორც სახალხო დამცველი, ისეა ამ საკითხში ჩართული. ის ვალდებულია, შეადაროს ნომრები, რომლებიც გასცა სასამართლომ და რომლებსაც უსმენენ. თუ სხვაობა იქნება  - საკითხი დააყენოს უმაღლეს დონეზე", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.