ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების საქმეზე დაკავებულმა ყოფილი პრემიერის დაცვის ცვლის უფროსმა მიხეილ ძაძამიამ პროცესზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, 2008 წელს ომში ფეხი იტკინა, თუმცა ბიჭები არ მიუტოვებია.
„ასეთ გაუგებრობაში პირველად ვარ და მიჭირს კიდეც საუბარი. 2 სიტყვით მინდა ვთქვა, თუ რატომ მინდა სასამართლო პროცესზე ჩემი თანამშრომლების დაკითხვა. 2008 წელს ომში ფეხი ვიტკინე, თუმცა ჩემი ბიჭები არ მივატოვე, ბოლომდე დავრჩი. მინდოდა მათ ეს დაედასტურებინათ. ბოლო დროს გიორგი ფარესიშვილთან დაცვაში ვმუშაობდი და იტყოდა, ვარ თუ არა გულგრილი. მოვიდოდნენ ბიჭები, მებრძოლი ბიჭები არიან. ჩემს შესახებ 2 სიტყვას იტყოდნენ"- განაცხადა ძაძამიამ და დასძინა, რომ მას გულგრილობა ცხოვრებაში არ ჩაუდენია.
ცნობისთვის, ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიიდან ამოღებულ იქნას ძაძამიას თანამშრომლები, ასევე გიორგი ფარესიშვილი, რადგან ბრალდების მხარის თქმით, ისინი ძაძამიას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და საქმესთან არ არიან შემხებლობაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძეს ბრალი სსკ 342 მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.