პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებულების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მოწმეთა ნუსხიდან ამოღებას ითხოვს.
დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში არიან გიორგი ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი.
როგორც პროკურორმა რევაზ ნადოიმ პროცესზე განაცხადა, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქმეს ვერაფერს შემატებს, რადგან დაკითხული პირები გამოკითხვის ოქმებში მხოლოდ ზურაბ ჟვანიას დადებით დახასიათებაზე საუბრობენ.
პროკურორებმა ასევე მოითხოვეს დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხიდან ივანე მერაბიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის ამოღებაც. თავად პროკურატურას კი, დასაკითხ მოწმეთა ნუსხაში ჰყავს: მურთაზ ზოდელავა, ნინო ქადაგიძე, გოგლა ჟვანია, თემურ ჯანაშია, ლევან ჩაჩუა, ასეკვე სხვა პირები. მათ შორის, გამომძიებლები და ექსპერტები.
დაცვის მხარემ კი პროცესზე დააყენა შუამდგომლობა ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეოს დაუშვებლობის თაობაზე. პოზიციების დაფიქსირების შემდეგ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე მიიღებს გადაწყვეტილებას მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე.