ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მთავრობამ მის უწყებას აღნიშნული თანხის გამოყოფა უკვე დაავალა.
ხადურის თქმით, ზარალის ოდენობა დღეს, 08:00 საათის მონაცემებითაა განსაზღვრული.
„6 მლნ ლარი დასჭირდება სტიქიის ზარალის ლიკვიდაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზე, ნაპირ-სამაგრით სამუშაოებზე, გზებზე და დღეს საქართველოს მთავრობამ უკვე იმსჯელა ამ საკითხზე. ამ თანხის გამოყოფა ჩვენ დაგვევალა“, - განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება აჭარას, ფინანსთა მინისტრის თქმით, ადგილზე მუშაობა გრძელდება, მობილიზებულია ტექნიკა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი და შტორმის გამო, ზარალის დათვლა ჯერ ვერ ხერხდება.