ვინ უნდა გაემგზავროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე - პრემიერი თუ პრეზიდენტი? - ამ თემაზე დღეს მინისტრებმა კომენტარები გააკეთეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ თემის აჟიტირება მიზანშეწონილი არ არის.
„ეს თემა აქტუალური არაა, თუ ვინ უნდა წავიდეს. ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა უნდა მიიღოს პრემიერმა. იმ საკითხების განხილვას, რომლებიც დავოსში იქნება წარმოდგენილი, აუცილებელია, მთავრობის მეთაური დაესწროს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.
„არ მიმაჩნია საჭიროდ ამ თემაზე დღეს აჟიოტაჟის ატეხვა, თუ ვინ უნდა გაემგაზვროს დავოსში. ეს არის ჩემი პაუხი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„პრეზიდენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას. ალბათ, ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე ჯობდა საერთო საქმისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.
ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება. მიმდინარე წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, 2013 წელს კი - ბიძინა ივანიშვილი.