„ხელშეკრულება, რომელზეც მერიას უნდა მოეწერა ხელი, ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე არ მოუმზადებია“

„ხელშეკრულება, რომელზეც მერიას უნდა მოეწერა ხელი, ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე არ მოუმზადებია“

თბილისის მერის მოადგილე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უეფა-ს სუპერთასის ფინალური მატჩის თბილისში ჩატარება, მერიის დაუდევრობის გამო შეიძლება ჩაიშალოს.

ალუდა გოგლიჩიძე აცხადებს, რომ თბილისის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურადაა ჩართული სუპერთასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებში. თუმცა, მისივე თქმით, დღემდე არც ერთ ფორმალურ დოკუმენტში, რომელიც აღნიშნული მატჩის საორგანიზაციო საკითხებს განსაზღვრავს, მერია არ ფიგურირებს.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ უეფა-სთან ხელშეკრულებას ხელს აწერს არა თბილისის მერია, არამედ ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც თავის მხრივ ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა მერიასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და სტადიონთან. თუმცა, ფედერაციას ჩვენთვის აღნიშნუილი დოკუმენტი ამ დრომდე არ შემოუთავაზებია“, - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

მისივე თქმით, მერიის 2014 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იყო და შესაბამისი თანხების გამოყოფა მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მთლიანობაში, აღნიშნულ ღონისძიებაში თბილისის მერიის ფინანსური მონაწილეობა 13,2 მლნ ლარით განისაზღვრა.

გოგლიჩიძე განმარტავს, რომ ფედერაციამ მერიას უეფა-სთან დასადები ხელშეკრულების პროექტი მიაწოდა, რომელსაც ხელი უეფა-მ და თავად ფედერაციამ უნდა მოაწერონ.

„აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს მერიასთან ხელშეკრულების დადება, რომლის პროექტიც მას ჯერჯერობით არ მოუწოდებია. ამავე წერილით, ფედერაცია ჩვენგან ითხოვს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოცემული ინფორმაციის შევსებას, რაც ბუნდოვანია მოწოდებული ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას მოვიძიეთ ის დოკუმენტები, რომელიც ფორმალურად განსაზღვრავს მერიის მონაწილეობის საკითხებს 2015 წლის აგვისტოს უეფა-ს სუპერთასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებულ პროექტში. აღმოჩნდა, რომ სოციალური უზრუნველყოფისა და კულტურის საქალაქო სამსახურის შესაბამის სპორტის განყოფილებაში, ამ კუთხით არავითარი დოკუმენტი არ მოიძებნა“, - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

მიუხედავად არსებული გაუგებრობისა, თბილისის მერია მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული მატჩის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩაერთოს. ის ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ უსაგნო ბრალდებების ნაცვლად, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.

როგორც გოგლიჩიძემ აღნიშნა, დღეს დაგეგმილია შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული სტადიონის წარმომადგენლებთან, რომელზეც ზემოთაღნიშნული საკითხები განიხილება.