წავა თუ არა პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ შეხვდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეს კლაუს შვაბს, რომელმაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია.
"გუშინ იყო საქართველოს პრეზიდენტის და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის კლაუს შვაბის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებელობეს, საინტერესო აქცენტი გაკეთდა საქართველოს უპირატესობებზე, ქვეყნის ივესტორებისთვის მიმზიდველობაზე. შვაბის მხრიდან იყო თხოვნა პრეზიდენტთან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილებაზე. პრეზიდენტს აქვს ხშირად სხვადასხვა რანგის ფორუმებიდან მოწვევა, პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან, ფორუმის რანგიდან, მიზანშეწონილობიდან გამოდინარე, შემდგომში მიიღება გადაწყვეტილებები, პრეზიდენტი იქნება თუ არა წარმოდგენილი ამა თუ იმ ღონისძიებაზე", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტს აქვს მოწვევა, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მიღებს თუ არა მონაწილეობას, რანგიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
"გუშინ კლაუს შვაბის მხრიდან შეხვედრაზე იყო თხოვა პრეზიდენტისადმი, სხვა არანაირი განხილვა შემდგომში პრეზიდენტთან არ ყოფილა. სამწუხაროა, დღეს ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ პრეზიდენტის ვიზიტზე, გვიწევს რაღაცა მცირე ტექნიკურ დეტალებზე საუბარი. ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ არსებობს. საჭირო არ მგონია ასეთ თემაზე ხელოვნურად საუბარი", - განაცხადა აბაშიშვილმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.
ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება. მიმდინარე წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.