საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია.
"არაფერი ვიცი იმის შესახებ, რა საუბარი ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში. არ ვესწრებოდი შეხვედრას, მაგრამ ვიცი ის, რომ პრემიერ-მინისტრმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
განცხადება, რომ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, გიორგი მარგველაშვილისა და კლაუს შვაბის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. შეხვედრა თურქეთში შედგა.
"საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ყველა იმ მექანიზმზე, რა საშუალებითაც შეიძლება, საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდეს. ამ კუთხით ხაზი გაესვა დავოსის ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მისი რეგიონული შეხვედრების მნიშვნელობას. ბატონმა შვაბმა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნა, რომ იგი დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წარმოჩინდეს საქართველოს უპირატესობები და სიანვესტიციო შესაძლებლობები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.