საქართველომ თავისი არჩევანის საფასური 2008 წლის აგვისტოში უკვე გადაიხადა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა , რომელიც სტამბოლში იმართება.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს ევროპულ არჩევანზე გააკეთა აქცენტი და განმარტა, რომ ჩვენ განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს, დაინტერესებული ვიყოთ ევროპულ ზონაში გაერთიანებით.
"ევროინტეგრაციის ჩვენეული არჩევანი ბევრი ფაქტორითაა განპირობებული: ერთ-ერთი მათგანია ისტორიული-კულტურული ფაქტორი და იმ ერთა ოჯახში ყოფნა, რომლებიც პატივს სცემენ პიროვნულ თავისუფლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით ვითარდებიან. მეორე მხრივ, ეკონომიკური ფაქტორიც არსებობდა: ვინაიდან ევროპული ბაზარი უდიდესია მსოფლიოში და განვითარების უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია. ეს ის ბაზარია, რომელიც, მჯერა, აღმოაჩენს შესაძლებლობებს საქართველოში, კავკასიაში. ჩემი აზრით, ჩვენ განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს, რათა თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევროპულ ზონაში გაერთიანებით და ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ეს პროცესი ხუთი წლის წინ, "აღმოსავლური პარტნიორობის" ფარგლებში დაიწყო, რომელშიც ექვსი ქვეყანა მონაწილეობდა. სამმა მათგანმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. ეს სამი ქვეყანა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახლავთ. ჩვენ კარგად ვიცით, რა დრამატული მოვლენებიც განვითარდა უკრაინაში და რაც შეეხება საქართველოს, მან ეს ყველაფერი უკვე გამოსცადა ექვსი წლის წინ. ახალშობილი დემოკრატიის ქვეყნები თავისუფალი არჩევანის გამო დაისაჯნენ, რომლის ერთ-ერთ ფორმასაც ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს. ჩემი აზრით, საქართველომ თავისი არჩევანის საფასური 2008 წლის აგვისტოში უკვე გადაიხადა, ახლა კი იგივე ვიხილეთ ყირიმსა და უკრაინის სხვა ნაწილებში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ევროპის დახმარებით ჩვენ შევაჩერეთ ოკუპაცია, თუმცა საქართველოს ოკუპაციის საკითხი რომ უფრო აქტიურად წამოწეულიყო საერთაშორისო ფორუმებზე, უკრაინაში მსგავსი მოვლენები ასე ადვილად არ განვითარდებოდა.
"ჩემი აზრით, ჩვენ უკვე გადაგვიხადეს სამაგიერო დასავლური არჩევანისთვის", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.