შსს ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების ოპერატორი კომპანიების ხელში გადასვლის წინააღმდეგია

შსს ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების ოპერატორი კომპანიების ხელში გადასვლის წინააღმდეგია

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ პრინციპული წინააღმდეგია ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას, ფარული მოსმენების გასაღები ოპერატორი კომპანიების ხელში გადავიდეს.

როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განუცხადა, ეს აჩენს საფრთხეებს, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების მიმართულებით. ლევან იზორია ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლის უფლებამოსილების გაფართოებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მათ მიერ მომზადებული მექანიზმი ევროპულ სტანდარებს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას პასუხობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდანვე ამბობდა და დღესაც ვიმეორებთ, რომ ფარულ მოსმენა მიყურადების პროცესზე გარე კონტროლის მექანიზმი აუცილებლად უნდა არსებობდეს. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევიმუშავეთ გარკვეული მექანიზმი, თუ როგორ განხორციელდეს გარე კონტროლი, რაც სხვათა შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის მოთხოვნებს პასუხობს. უნდა გაძლიერდეს პერსონალური მონაცემების ინსპექტორების საზედამხედველო როლი. გარე კონტროლის მექანიზმი ითვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში ყველა ინფორმაციის გადაცემას ინსპექტორისათვის. შესაბამისად ჩნდება ინსპექტორის მიერ პროცესის გაკონტროლებისა და ზედამხედველობის შესაძლებობა. მას მიეწოდება მოსამართლის განჩინება და პროკურატურის დადგენილება ყველა კანონით განხორციელებულ ოპერატიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ფარული მიყურადება ხორციელდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს ევროსაბჭოს ექსპერტებთან ჯოზეფ კანატაჩისთან და გრეჰემ სატონთან. საუბრის მთავარი თემაა, ვის ხელთ იყოს ფარული მიყურადებისას ასეთ ინფორმაციაზე წვდომის გასაღები. ევროპელი ექსპერტები ქართველ კანონმდებლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს ამ მიმართულებით ევროპული ქვეყნების პრაქტიკას აცნობენ.