ღარიბაშვილი კონფერენციაზე

ღარიბაშვილი კონფერენციაზე "ღია მმართველობის პარტნიორობა – საქართველო" სიტყვით გამოვიდა

ჩვენი მიზანია განვამტკიცოთ ხელისუფლების მიუკერძოებლობა, საზოგადოებრივი ნდობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა მმართველობაში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, კონფერენციაზე "ღია მმართველობის პარტნიორობა – საქართველო" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობის მიზანია ისიც, რომ გახდეს კიდევ უფრო ღია მოქალაქეებისათვის და მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე.

"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ვიყო დღეს აქ, ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე თქვენთან ერთად, იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც ერთიანი ძალებით მიისწრაფვიან საერთო მიზნისკენ - ეს არის მთავრობების ღიაობა საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაზე, რათა აღვნიშნოთ OGP-ის სამი წლისთავი და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ერთგული ვართ ჩვენი საერთო მიზნისა - მხარი დავუჭიროთ უფრო ღია და გამჭვირვალე მმართველობას მთელ მსოფლიოში.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ინდონეზიის მთავრობისა და მისი გუნდის მიმართ, რადგან მათი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ეს შეხვედრა. მინდა ასევე მივესალმო OGP-ს მხარდამჭერი გუნდისა და OGP-ს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას ამ მნიშვნელოვანი პროცესების ხელშეწყობისათვის მთელ მსოფლიოში.

საქართველოს მთავრობისათვის დიდი პატივია შემდგომი ორი წლით იყოს არჩეული საკოორდინაციო კომიტეტის ერთ-ერთ წევრად. ჩვენ ვისწრაფვით შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად და უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მდგრადობა. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ნდობის ვოტუმს საქართველოსა და იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ქვეყანაში მმართველობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მადლობელი ვართ ამ ნდობისათვის და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობაში, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი პრინციპები – გამჭვირვალობა, ანგარიშგება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია – ეს არის საკვანძო ღირებულებები ჩვენი მთავრობისათვის. ჩვენი მიზანია განვამტკიცოთ ხელისუფლების მიუკერძოებლობა, საზოგადოებრივი ნდობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა მმართველობაში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

ჩვენი მიზანია აგრეთვე, გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას.

"ჩვენმა ინიციატივებმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და მაღალი შეფასებაც მიიღო, მათ შორის, გაეროს ჯილდოების სახით. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია სათემო ცენტრები. ეს არის სოფლის განვითარების კრეატიული გზა, რომლის მიზანია რეგიონალურ დონეზე მოქალაქეთა გაძლიერება და ერთი ფანჯრის პრინციპით მათთვის სახელმწიფო მომსახურების მიწოდება. სათემო ცენტრებში თავმოყრილია თანამედროვე ტექნოლოგიები, საჯარო და კერძო მომსახურება, განახლებული ბიბლიოთეკა და უზრუნველყოფილია სამოქალაქო ჩართულობისათვის ერთიანი სივრცე. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ დონეზევე გავუმკლავდეთ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.