სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა

სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა

სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ახლობლებმა დაადასტურეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული, მათ შორის 16 – 18 წლის ბავშვებიც. ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე–6 დაღუპულია.

შეგახსენებთ, 2014 წლის თებერვალში, სირიაში, ქალაქ ალეპოში საბრძოლო შეტაკებების დროს ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო. რუსლან მაჩალიკაშვილი საქართველოდან 2000 წელს თურქეთში წავიდა, რამდენიმე წელიწადში კი სირიაში გადავიდა.

2013 წლის ოქტომბერში სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის თავისუფალ არმიას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 24 წლის ხალიდ აჭიშვილი დაიღუპა. ხალიდ აჭიშვილი ბოლო წლებში პანკისის ხეობიდან თავშესაფრის მოთხოვნით ავსტრიაში წავიდა, სადაც იქაური მოქალაქეობა მიიღო.

2013 წლის ივლისში სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი, 26 წლის აბუ აბდულლაჰი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა. გარდაცვალებამდე აბდულლაჰმა გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ყველა მუსლიმს მოუწოდებდა ჩართულიყო ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. მისი განცხადებით, მუსლიმებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვიდრე ოდესმე. აბდულლაჰი აცხადებდა, რომ ყველა მუსლიმის ვალია ამ ომში მონაწილეობა, რადგან სირიის ამჟამინდელი მთავრობა უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს. ხალიდ აჭიშვილი და აბუ აბდულლაჰი ძმები იყვნენ.

გასულ წელს სირიაში სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი პანკისიდან, აბდულ-მალიქ მუთოშვილი, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა. მუთოშვილიც სირიაში მებრძოლთა საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სირიაში დაიღუპა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევიც. გარდაცვილი საქართველოში გადმოასვენეს და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რუსტამ გელაევის ახლობელმა მექა ხანგოშვილმა განუცხადა, რუსტამ გელაევი სასწავლებლად ეგვიპტეში იყო წასული. ახლობლებისთვის უცნობია როგორ აღმოჩნდა გელაევი სირიაში.

„რუსტამი პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ ეგვიპტეში წავიდა სასწავლებლად. ბოლო ერთი თვე სირიაში იმყოფებოდა, მაგრამ არ ვიცით როგორ მოხვდა იქ. 12 ან 13 აგვისტოს მეჩეთში ყოფილა სალოცავად, ამ დროს მეჩეთი დაბომბეს და ვინც შიგნით იმყოფებოდა, მგონი ყველა დაიღუპა“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მექა ხანგოშვილმა. რუსტამ გელაევს მეუღლე და შვიდი თვის შვილი დარჩა.

გელაევის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. მათი მტკიცებით, რუსტამ გელაევი მეამბოხეთა მხარეზე, ჯოჰარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს საზღვარგარეთ მოქმედმა ჩეჩნურმა დიასპორებმა.