ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვრჩებით საერთო მიზნის ერთგული, გვყავდეს ჭეშმარიტად ანგარიშვალდებული მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვრჩებით საერთო მიზნის ერთგული, გვყავდეს ჭეშმარიტად ანგარიშვალდებული მთავრობა

ჩვენ ვრჩებით საერთო მიზნის ერთგული - გვყავდეს ჭეშმარიტად ღია, თანამონაწილე, თანამშრომლობისთვის მზადმყოფი და ანგარიშვალდებული მთავრობა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში კონფერენციაზე "ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მიაღწია იმას, რომ უპრეცედენტოდ მაღალია ღიაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის დონე, რაც OGP-ით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ნაწილს წარმოადგენს. საკუთარ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთავრობის თითქმის ყველა პოლიტიკური და საკანონმდებლო ინიციატივა გადის ფართო, სრულყოფილი, ინკლუზიური და სერიოზული საჯარო კონსულტაციების პროცესს.

"ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ კიდევ უფრო გაზრდიდა ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეების წინაშე და მუდმივად ინფორმირებული ეყოლებოდა საზოგადოება თავისი საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით მინისტრები ღია მმართველობის ეგიდით ატარებენ ყოველთვიურ პრესკონფერენციებს, რათა ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას თავიანთ დარგებში მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ და პირადად გასცენ პასუხები მედიისა და მოსახლეობის შეკითხვებს. ჩვენ ვრჩებით საერთო მიზნის ერთგული - გვყავდეს ჭეშმარიტად ღია, თანამონაწილე, თანამშრომლობისთვის მზადმყოფი და ანგარიშვალდებული მთავრობა და დიდად ვაფასებთ ჩვენს მონაწილეობას OGP-ში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აფართოებს საჯარო ადმინისტრაციის ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას იმ ახალი ინიციატივების გზით, რომლებიც მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია. "ეს ინიციატივებია: ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ახალი რეგულაციების ამოქმედება; სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობის სტიმულირება ,,ღია მმართველობა-საქართველოს" ფორუმის მეშვეობით; საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა; მომსახურების მიწოდების სტანდარტების გაზრდა კერძო სექტორისა და მუნიციპალური მომსახურების ელექტრონულ პორტალსა და იუსტიციის სახლებში ჩართვით; ჩვენი მოქალაქეებისათვის ღია მონაცემების პორტალისა და ელექტრონული განცხადებების პორტალის შექმნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა კვლავაც დაადასტურა მთავრობის მტკიცე ნება, გააგრძელოს აქტიური პარტნიორობა OGP-სთან, მხარი დაუჭიროს მთავრობათაშორის გამოცდილების გაზიარების უნიკალურ პროცესს და ღიაობისათვის ჯანსაღ და საინტერესო კონკურენციას, რათა ისინი კიდევ უფრო ღია გახდნენ, გაზარდონ მოქალაქეთა უფლებამოსილებანი და ხელი შეუწყონ თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის ღირებულებებს. "OGP-ში მონაწილეობა კიდევ უფრო გვავალდებულებს, არ დავკმაყოფილდეთ მიღწევებით, ვიკისროთ ახალი ვალდებულებები და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება პარტნიორ ქვეყნებს. OGP-ის საშუალებით ჩვენ ვსწავლობთ სხვებისგან და ვერთვებით ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგრიშვალდებულების შეჯიბრში პარტნიორ მთავრობებთან. ჩვენ მართლაც ვისწრაფვით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ OGP-ის საქმიანობას", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.