ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას გაესაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას გაესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას გაესაუბრა, - ამის შესახებ ნიუიორკში ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა .

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნიუ იორკიდან იუწყება, მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდა, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა.

მისი თქმით, ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რადგან მასზე მიწვეული იყო 200-მდე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი მეუღლით და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
"ანუ ეს არ იყო ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა, ამერიკის პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილსა და ბარაკ ობამას შორის შემდგარი საუბრის თემას, როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, იყო ზოგადი საუბარი, მოკითხვა და ქვეყნის შესახებ მცირე ინფორმაციის მიწოდება.