დარჩება თუ არა პატიმრობაში ლევან ჩაჩუა, დღეს გაირკვევა

დარჩება თუ არა პატიმრობაში ლევან ჩაჩუა, დღეს გაირკვევა

დღეს გახდება ცნობილი, შეეცვლება თუ არა პატიმრობაში მყოფ ექსპერტ ლევან ჩაჩუას აღმკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით. 

ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული ექსპერტის ადვოკატებმა წინა პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. 

საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ პროცესზე ბრალდების მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე დღე ითხოვა. დღეს მოსამართლე ნინო სანდოძე გამოიტანს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მოხდება თუ არა ლევან ჩაჩუასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა. 

ადვოკატებმა წინა პროცესზე ჩაჩუასთვის აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობის გაუქმება ან ალტერნატიული ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. ამის მოტივად დაასახელეს საქმეზე მიმდინარე ღონისძიების დასრულება, რის საფუძველზეც აღარ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. 

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ ჩაჩუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ერთ-ერთი გარემოება, რის საფუძველზეც ის უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.