ევროპაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი მოვლენები გველის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე ,,Invest in Georgia" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
"ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება აშშ-სა და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებასთან დაკავშირებით თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი. მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირებულებები. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ნატოსთან ჩვენი კავშირების გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობებს და გვთავაზობს მათი განმტკიცების გენერალურ გეგმას", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს მჭიდრო, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას აშშ-სა და ევროპასთან. "მე კარგად მესმის რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. ქართველი ხალხი დიდად აფასებს იმ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-სა და ევროპის მხრიდან. ჩვენ ასევე ვაფასებთ მტკიცე კავშირს ჩვენს მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, აგრეთვე მზარდ სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობებისთვის აზიის, აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ევროპაში კი ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი მოვლენები გველის. ივნისის ბოლოს ჩვენ გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოხდება საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა და ასოცირების ხელშეკრულება გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რათა განვაახლოთ კავშირები ევროპასთან", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ამოქმედება, რომელიც საქართველოს სთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.
"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.