ჩვენი ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ტურიზმის სექტორი კი აღმავლობის გზაზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებული მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე ,,Invest in Georgia" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შარშან საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი გაიზარდა თითქმის 10%-ით, მრეწველობა კი თითქმის 7%-ით გაიზარდა.
"რაც შეეხება ქვეყნის საშინაო საქმეებს, ჩვენი ეკონომიკა სწრაფად იზრდება, რასაც ზურგს უმაგრებს ბაზარზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი რეფორმები და საინვესტიციო პროგრამები. ამ წარმატების განსამტკიცებლად ჩვენ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ვდებთ სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და ტურიზმის სექტორების ზრდაში, რაც ასევე გულისხმობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მთავრობის უშუალო მონაწილეობითა და სხვადასხვა ახალი საჯარო-კერძო პარტნიორობის შექმნით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორი აღმავლობის გზაზეა და მართალია, საქართველო პატარა ქვეყნაა, მაგრამ მას აქვს ზღვისპირა და სათხილამურო კურორტები, ვენახები, ასევე განთქმული სამკურნალო და გამაჯანსაღებელი კურორტები. "2013 წელს საქართველოს ეწვია 5 მილიონი ადამიანი, რაც 22%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თბილისის სასტუმროები ხშირად 70-ზე მეტი პროცენტით არის დაკავებული. აგრეთვე, იგეგმება ათობით ახალი სასტუმროს გახსნა. ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე არსებული მომსახურებისა და ახალი შესაძლებლობების დივერსიფიკაციაზე, MICE-ტურიზმისა და საკონფერენციო ცენტრის დაარსების ჩათვლით", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სრული პოტენციალის ამოქმედება, რომელიც უკვე ათასწლეულებია განთქმულია მთელს რეგიონსა და მსოფლიოში. მისი თქმით, თავისი მრავალფეროვნების წყალობით, საქართველოს შეუძლია აწარმოოს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი საკვები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების უდიდესი ნაწილი.
"გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მოსავლის მოყვანისათვის ხანგრძლივი სეზონი. რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის - Ferrero Roche და Hipp-ი უკვე სარგებლობენ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ბაზის უპირატესობით. გარდა ამისა, არსებობს ბიზნესშესაძლებლობები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მომსახურების მიწოდების კუთხით. პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გაფართოების მიზნით, ჩვენ უნდა შევქმნათ მეტი სასათბურე და სასაწყობე მეურნეობები, აგრეთვე სამაცივრე და შემფუთავი საწარმოები. საქართველოს მიზნად აქვს დასახული კვების მრეწველობის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი განვითარება, რათა არა მარტო დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა, არამედ საექსპორტოდაც გავაგზავნოთ. საქართველოს სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა უცხოურ ბიზნესს სთავაზობს ინვესტირება განახორციელონ იმ სფეროებში, რომლებშიც საბაზრო მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას, არის ფულის დაზოგვის შესაძლებლობა და დიდი მოგებისა და ექსპორტის პოტენციალი", - განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა.