საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში

საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში

საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე ,,Invest in Georgia" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ისეთ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოში და ბიზნესისათვის სხვა წამახალისებელი ფაქტორები, მაგრამ ინვესტორები, ყოველ შემთხვევაში, სასურველი ინვესტორები, არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა.

"ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში, უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას და წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისთვის. თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია. იმედი მაქვს, ჩემს გამოსვლაში სწორედ ეს სიტყვები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის მიზნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისი მთავრობის მიზნებია მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე; საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა; ეფექტიანი ფინანსური სისტემები; სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალში საცემია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. "ქვეყანაში ბიზნესისათვის ხელსაყრელი სტრატეგიები, მჭიდრო რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კიდევ უფრო გაააქტიურებს ეკონომიკურ ზრდას და მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს", - განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების მონაწილეებს მან სტატისტიკაც გააცნო. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 6,2%-ით. მოსალოდნელია, რომ 2014 წელს ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელი გადააჭარბებს 5%-ს; "მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმართვის სიმარტივის კუთხით, რისი წყალობითაც საქართველო შედის დამწყები და მოქმედი ბიზნესებისათვის ყველაზე სასურველი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყნების სიაში; ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation

უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით; საქართველოს საგარეო ვაჭრობა განუხრელად იზრდება. 2014 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 16%-ით გასულ წელთან შედარებით და შეადგინა 5.44 მილიარდი დოლარი", - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.