ზვიად ჯანყარაშვილი ნათია მიქიაშვილს პასუხობს

ზვიად ჯანყარაშვილი ნათია მიქიაშვილს პასუხობს

საზოგადოების წინაშე დაგვანახონ ის ხალხი, ვისაც ვითომდა ბიზნესწილები გამოვართვი თუ სხვა რაიმე ზიანი მივაყენე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა მის მიმართ ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდების კომენტირებისას განუცხადა.

"სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს უსაფუძვლო განცხადებებზე და საჭორაო თემებზე პოლემიკა თუ კომენტარის გაკეთება, თუმცა რადგან ამდენი ენერგია დაიხარჯა ღია ეთერში, ვფიქრობ, საჭიროა. სამწუხაროა, როცა ადამიანი კონკრეტულ გარემოში თვითდამკვიდრების, ნდობის მოპოვების თუ სხვა მიზეზის გამო თავს უფლებას აძლევს, იცრუოს ან ცილი დასწამოს სხვა ადამიანს. ზოგადად, უზნეობას საზღვრები არ გააჩნია და ამ შემთხვევაში თავს ვალდებულად ვთვლი პასუხი გავცე იმ ადამიანების უტიფარ მოქმედებებს და განცხადებებს, ვისაც სირცხვილი დაუკარგავს და ტყუილს კადრულობს - არა იმიტომ, რომ მე მჭირდება, თავად ვიცი, რა მიკეთებია და რას ვაკეთებ, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებამ, რომელიც შეცდომაში შეყავთ, სიმართლე დაინახოს. ენას ძვალი არ აქვს, მითუმეტესს უზნეო ადამიანის ენას და რადგან ასეა, ცუდი არ იქნება თუ ქალბატონი ნათია მიქიაშვილის ოჯახის წევრი დაადასტურებს იმ მუქარას, რომელიც ვითომდა მე შევუთვალე. საზოგადეობის წინაშე დაგვანახონ ის ხალხი, ვისაც ვითომდა ბიზნესწილები გამოვართვი თუ სხვა რამე ზიანი მივაყენე - თუნდაც ერთი ადამიანი მაინც მანახონ, რომელიც ჩემს ასეთ მოქმედებას დაადასტურებს რაიმე დამაჯერებელი ფორმით. ამის შემდეგ საზოგადოებამ შეაფასოს ცრუ და მართალი და თავად დაუდოს ზღვარი ცრუ სიმართლის ტირაჟირებას. მე, ჩემი მხრივ, გარკვეულწილად მესმის იმ ადამიანების ვინც ჩემი სახელის გასვრას ცდილობს, თავისი გასაჭირი აქვთ", - განაცხდა ჯანყარაშვილმა.

ნათია მიქიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავი გუშინ მუქარაში დაანაშაულა. როგორც ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის მეუღლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი რომელსაც ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ნათია მიქიაშვილის მისამართით სიტყვიერ მუქარას ახორციელებს.