გედევან ფოფხაძემ გიორგი ღვინიაშვილს ბოდიში მოუხადა

გედევან ფოფხაძემ გიორგი ღვინიაშვილს ბოდიში მოუხადა

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ კოლეგა გიორგი ღვინიაშვილს ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაში მისი მისამართით გაკეთებული ბრალდებების გამო ბოდიში მოუხადა.

"ეს ბოდიში ჩემი მხრიდან დაგვიანებულია. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ვაცხადებ, რომ ირაკლი ალასანია ძალიან კარგი და ღირსეული ადამიანია და ის, რაც მან მაშინ თქვა, იყო შეცდომა. დარწმუნებული ვარ, ირაკლისთვისაც არ არის პრობლემა, რომ ეს აღიაროს", - განაცხადა ფოფოხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე შეფასებით, რაფალიანცის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ იქნება, რადგან ბავშვის ტრაგედიის პოლიტიზირებას მოახდენს. "ეს ისეთივე შეცდომა იქნება, რაც თავის დროზე ჩემს თანაგუნდელებს ნამდვილად შეეშალათ და უნდა ვაღიაროთ, რომ შეეშალათ. ეს არ იყო მორალურად გამართლებული - როგორი პოლიტიკური ფონიც არ უნდა ყოფილიყო, ასეთი რამ არ უნდა გაჟღერებულიყო", - განაცხადა ფოფხაძემ, რომლის თქმით, საქმე ლოგიკურ დასასრულამდე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიყვანონ.

პარლამენტი ამ წუთებში ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უმცირესობის წინადადებას იხილავს.