კიდევ ერთხელ ვთხოვ უმრავლესობას, ყველამ ერთად ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ გვსურს ამ საქმის გამოძიება

კიდევ ერთხელ ვთხოვ უმრავლესობას, ყველამ ერთად ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ გვსურს ამ საქმის გამოძიება

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არსებობდეს, ამიტომ საგამოძიებო პროცესში პარლამენტის ჩართვა აუცილებელია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ დარბაზშიც არიან უმრავლესობის წევრები, რომლებსაც უნდათ გაიგონ რა მოხდა სინამდვილეში. სამწუხაროდ, მე დღეს წავიკითხე პრემიერ მინისტრის განცხადება, რომელიც ძალიან შემაძრწუნებელია. სავარაუდოდ, ეს არის სიგნალი და ამასთან დაკავშირებით უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებენ უმრავლესობის წევრები.

გეკითხებით ადამიანურად. რა უდგას ქვეყნის პრემიერ მინისტრს წინ, უბრალოდ გააკეთოს ამ საქმეზე განცხადება, რომ ის საქმეს გამოიძიებს. თურმე მე რომ ამ საქმის გამოძიებას ვითხოვ, არის უზნეობა. უზნეობაა ისიც, რომ ამ საქმეში ინტერესი აქვს ოჯახასაც. მე ხომ პირდაპირ დამაბრალეს ამ ბავშვის მოკვლა. მიუხედავად ამისა, მე ხელი არასოდეს არავისთვის დამიდია. ამიტომ ვითხოვ, რომ ჩატარდეს გამოძიება", - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

მისსივე თქმით, ფაქტია რომ "ქართულმა ოცნებამ" და მთელმა გუნდამ ეს საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. "მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირ დამადო ხელი. ირაკლი ალასანიამ "ნაციონალური მოძრაობისკენ" გამოიშვირა ხელი. იდგნენ საარჩევნო ყუთებთან და ხალხს მოუწოდებდნენ, ბავშვის მკვლელებისთვის არ მიეცათ ხმა. რაღაც მომენტში ხალხი ამაში ხომ დაარწმუნეთ, ისევე, როგორც სხვა რამეებში. ბტონო ზურაბ ტყემალაძე, სირცხვილია, რადგან თქვენ წინასაარჩევნოდ დაარწმუნეთ ხალხი, თითქოს "ნაციონალები" ეკლესიებს ანგრევდნენ. კახეთში ყოფილხართ ბოლო დროს?! მე ვარ პირადად ის ადამიანი, რომელმაც ამ გუნდთან ერთად გრემი აღადგინა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც კრიმინალი დაამარცხა საქართველოში. კიდევ ერთხელ ვთხოვ უმრავლესობის წევრებს, ყველამ ერთად ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ გვსურს ამ საქმის გამოძიება", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.