ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საფრანგეთის დელეგაციასთან - სენატორ ფილიპ დალიეს და საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის აღმასრულებელ მდივან ვერონიკა ბოკეს შემადგენლობით, რომელსაც საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ალან გურნაკი ხელმძღვანელობდა, საქართველო-საფრანგეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებს. ამ მხრივ, ხაზგასმით აღინიშნა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მისი განხორცილების მნიშვნელობა.
"სენატი ხელს შეუწყობს მაქსიმალურად მოკლე დროში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, რათა კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს მისი ძალაში შესვლა"- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ალექსი პეტრიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ფრანგულმა მხარემ დაგმო რუსული აგრესია და ხაზი გაუსვა ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი ადექვატური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო მნიშვნელოვანი შედეგი და ახლა საჭიროა, რომ ალიანსმა განაგრძოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადექვატური ასახვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისაღწევად.
ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს როგორც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დაჩქარებისათვის მუშაობის გაძლიერებაზე, ასევე რიგის სამიტზე საქართველოსთვის სასურველი შედეგების მისაღებად.