სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მსჯავრდებულთა გადაყვანა N6 დაწესებულებიდან „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის № 178 ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყო.
№ 6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილება განპირობებულია მოცემულ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დაწყებით.
აღნიშნული მიზნად ისახავს დაწესებულების პირობების ციხის ევროპული წესებით განსაზღვრულ სტანდარტებთან მაქსიმალურ მიახლოებას, რაზეც რამდენიმე რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმაც მოგვმართა. სამინისტრო იზიარებს ომბუდსმენის რეკომენდაციებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რომელთა დასრულების შემდეგ, №6 დაწესებულება გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობებით, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
ამასთანავე, მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებებში გადანაწილების პროცესში ახალი დაწესებულების შერჩევა განხორციელდა პატიმრობის კოდექსისა და „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
იმ დაწესებულებებმა, რომლებმაც მიიღეს №6 დაწესებულების მსჯავრდებულები, მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მსჯავრდებულთა ოჯახებს დადგენილი წესით აცნობეს მათი ახალი ადგილმდებარეობის შესახებ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებებში გადაყვანა მოხდა მშვიდ ვითარებაში, შესაბამისი საბადრაგო ღონისძიებების ფარგლებში.